არ ცოდნა ნეტარებაა(?)

22106649428035399226რამდენიმე დღის წინ GDS–ზე ვუყურებდი “გრეის ანატომიას” თავიდან. დასაწყისში და ბოლოში მერედითის მონოლოგები რომ არის ხოლმე, ბოლოში ბევრ სხვა რამესთან ისიც თქვა, რომ “არ ცოდნა ნეტარებაა”. ზუსტად იმ დღეებში ვფიქრობდი ამ საკითხზე. რომელი ჯობია, ვარდისფერი სათვალეები გეკეთოს, ირგვლივ ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავდა და აზრზე არ იყო შენ გარშემო რა ხდება, თუ ის, რომ ყველაფერი იცი. ყველაფერი ის, რაც ამდენი ხანი ხდებოდა და შენ კი აზრზე არ იყავი. არც ვარდისფერი სათვალეები გეკეთა, ყველაფერს რეალურად აღიქვამდი, მაგრამ ბევრი რამეც არ იცოდი. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ კი, ისე ჩამოინგრა რაღაც–რაღაცები, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდი, ვერც კი გაიფიქრებდი იმდენად აბსურდულად გეჩვენებოდა. აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი წარმოუდგენელი რამ რეალობა ყოფილა. არსებობს გამოთქმა, რაც ნაკლები იცი მით უკეთესად და მშვიდად გძინავსო და მართალიცაა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება სიმართლე იცოდეს. პრინციპში, თუკი იცი რომ ადამიანი ამ სიმართლეს ვერ გადაიტანს და ათასჯერ უფრო მძიმედ აღიქვამს, ვიდრე რეალურადაა, ამ სიტუაციაში, ალბათ, ღირს სიმართლის დამალვა. თუმცა, იმასაც გააჩნია, რას უმალავ… ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომელბსაც ტკბილი ტყუილი ურჩევნიათ მწარე სიმართლეს. მართლა არ მესმის მათი. მომაკვდინებელი სენი რომ მჭირდეს და მიმალავდნენ, საშინელება არ იქნება? იქნებ რისი გაკეთება და მოსწრება მინდა ცხოვებაში და თუკი მეგონება რომ კიდევ ძალიან ბევრი დრო მაქვს სურვილების ასასრულებლად, მაშინ არ ვიჩქარებ. ეს კი ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვერ მოვასწებ და დავრჩები ისე… ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ ხდება, უნდა ვისწავლოთ მასთან გამკლავება და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდა გვიხაროდეს ცხოვრება იმიტომ, რომ მეორე მხარეს ძააალიან ბევრი კარგი რამაა^^

დაბრუნება თითქმის ერთი წლის შემდეგ..

92hl4

ახლა სულ შემთხვევით შემოვედი ბლოგზე, რამე თუ ხდება, გადავხედო–მეთქი. საერთოდ არაფერს არ მოველოდი, მაგრამ ერთი კომენტარი დამხვდა. დიდი ხომ არაფერი, მაგრამ სწორედ ამიტომ ვწერ ახლა ამ პოსტს. მივხვდი, როგორ მომენატრა აქაურობა და როგორ დავაშავე, რომ წერას შევეშვი. განა მარტო აქ, ბლოგზე, მიჭირს წერა, საერთოდ, მოთხრობებსაც ვეღარ ვწერ, ვერც დაწყებულებს ვამტავრებ…  ალბათ პირველი წელი უნივერსიტეტში საკმაოზე მეტად დამღლელი გამოდგა. ყოველთვის, როცა ბლოგის წერის სურვილი, ან მოთხრბის დაწერის მუზა მომივიდოდა, მეორე მხარეს უამრავი სამეცადინო იყო. ერთხელ ვცადე და მეცადინეობის მაგივრად მოთხრობის წერა დავიწყე, მაგრამ სერიოზულად ისე შემაწუხა სინდისმა, რომ არ ვსწავლობდი, წერა მაშინვე შევწყვიტე და სწავლას მივუბრუნდი:დ გამოცდები 13 ივნისს დავამთავრე და უკვე ამდენი ხანია თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ ვერაფერს ვწერ, ალბათ გამოვიფიტე ამ მხრივ… თუმცა, ვფიქრობ, ეს პოსტი ბევრ რამეში დამეხმარება. ვეცდები ბლოგს ყურადღება აღარ მოვაკლო, ვწერო საინტერესო თემებზე და იმაზე, რაც მაწუხებს… იმედია, იმ მოთხრობებსაც დავამთავრებ, რომლებიც დაწყებული მაქვს და ერთ ახალს დავიწყებ, რომლის იდეაც უკვე ძააალიან დიდი ხანია, რაც თავში მიტრიალებს. თუმცა, არის ერთი, განსაკუთრებული მოთხრობა, რომლის სულ რაღაც ვორდის 5 ფურცელი მექნება დაწერილი სამწუხაროდ. თან არავის ვაკითხებ, მინდა ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. ეს კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა… ახლა ვხვდები, რომ მთელი წელი ბლოგი ძალიან მაკლდა, მუზის თუ ხალისის დაკარგვის მიუხედავად, წერა ჩემთვის ნამდვილი განტვირთვაა^^
პირობას არ დავდებ, რომ ხშირ–ხშირად დავდებ პოსტებს, რადგან რამდენჯერაც ასე მოვიქეცი, იმდენჯერ დიდი ხნით ვეღარ ვწერდი ვერაფერს. ამიტომ, უბრალოდ ვეცდები, ბლოგს სათანადო დრო დავუთმო და საინტერესო პოსტები ვწერო. სულ რომ არავინ წაიკითხოს, მაინც სიამოვნებით ვწერ… თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც კომენტარებსა და მაღალ სტატისტიკას ნახულობ, ძალიან გიხარია! ^^ მოკლედ, მე დავბრუნდი და ვაპირებ ნელ–ნელა მოვყვე ამ გამოტოვებულ ერთ წელზე, სადაც ძირითადად, ალბათ მთავარი მაინც უნივერსიტეტის პირველი წელია. და კიდევ ბევრი რამ… იმედია, გამომივა^^

არარსებულ ძმას/დას

sad-girl-cry-3

ბოლო ორი კვირაა ერთი ფიქრი ამეკვიატა და ვერაფრით ვიშორებ თავიდან. არადა ეს ერთ–ერთი თემაა იმათგან, რომელზეც ყველაზე ნაკლებად მინდა ფიქრი. მერე კიდევ ის სიზმარი… საერთოდ სიზმრების არასდროს მჯეროდა, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი ამიხდა, რა ვიფიქრო აღარ ვიცი… არც ის ვიცი, გამიხარდება თუ არა ამ სიზმრის ახდენა…
ბოლო ორი კვირაა “შენზე” ვფიქრობ. არ მასვენებს ის აზრი, რომ მაშინ ბიჭი რომ ყოფილიყავი, ახლა 30–ის მაინც იქნებოდი. ექვსი თვის მეტი ვერ იცოცხლე, ისიც ისე, რომ თვალით არ გინახავს დედამიწა და ადამიანი, რომელიც მუცლით გატარებდა. არ ვიცი რით არ დაიმსახურე მაშინ დაბადება, მაგრამ ფაქტია, დღეს გვერდით არ მყავხარ… ისიც ფაქტია, შენ და შენს მშობლებს არასდროს გინახავთ ერთმანეთი და არც ის ვიცი, მაშინ რით “დაიმსახურა” ახალგაზრდა წყვილმა ის განსაცდელი.
ერთადერთი ის ვიცი, რომ რეალურად არავის ბრალი არაა, მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, ხშირად ვფიქრობ ამაზე და ვერ ვინელებ, რომ დღეს შენ დედამიწაზე არ დადიხარ. მაინც და მაინც ჩემს გვერდით არა, უბრალოდ რომ შენი ფეხებით ეხებოდე დედამიწას და ჰაერს სუნთქავდე, ესეც დამაკმაყოფილებდა. ისიც ნერვებს მიშლის, მამა რომ არასდროს ლაპარაკობს შენზე. მხოლოდ დედა გახსენებს ხოლმე ძალიან იშვიათად. თუმცა, უკვე რამდენი წელია, აღარავის გახსენებიხარ, არ უხსენებიხარ მაინც. მე კი სწორედ ახლა ამეკვიატა ფიქრი და ისე განვიცდი, თითქოს გიცნობდი. თუმცა, ნახვა და ხელით შეხება საჭირო არ არის, მე მაინც გიცნობ შენ, იმიტომ რომ “ჩემი” ხარ.
ძილის წინ რომ თვალებს ვხუჭავ, თუნდაც არ მინდოდეს და საერთოდ არ ვფიქრობდე ამაზე, მაინც შენ წარმოგიდგენ. ოღონდ გაზრდილს, ძალიან დიდსა და ლამაზს. აი, ზუსტად 30წლისას…
რეალურად, წესით მე მეოთხე შვილი უნდა ვიყო, მაგრამ მეორე და უკანასკნელი ვარ.
ჩემი მეორე დაიკო ან ძამიკო, 26წლის უნდა იყოს, თუმცა რამდენი თვისამ შეწყვიტა არსებობა, არ ვიცი. რომელი უფრო მტკივნეულია, ვერ ვიტყვი… ჩემს დაიკოს თუ ძამიკოს, არ აცალეს სიცოცხლე. რომ წარმოვიდგენ, მინდება ყველა მოვკლა და მხოლოდ ის გავაცოცხლო. ის და ჩემი “30 წლის ძმა”…
მე ჩემი დის დაბადებიდან 10წლის შემდეგ გავჩნდი…
ერთადერთი, რაც ამ აურზაურში მაბედნიერებს, არის ის, რომ მყავს და, რომლის იმედიც ყველგან და ყოველთვის შეიძლება მქონდეს. შეიძლება რაღაცაზე მეჩხუბოს, გამომლანძღოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, მეორე წუთში ჩემს დახმარებაზე დაიწყებს ფიქრს. და ისიც ვიცი, რაც არ უნდა მოვინდომო და ვეცადო, მის ამაგს ვერ გადავიხდი, ზედმეტად დიდია. როცა უსინდისობა მომაწვება და გავიფიქრებ, რომ დღეს მას ჩემზე არ უფიქრია, ცოტახანში ან მესიჯი მომივა, ან ზარი შემოვა ტელეფონზე. მისი სახელის დანახვისას თან მრცხვენია, თან მიხარია, რომ ასეთი მაგარი დაიკო მყავს!
და მაინც…
მე მყავს 30წლის არარსებული ძამიკო და 26წლის დაიკო/ძამიკო. არარსებული და მტკივნეული…

ახალი ცხოვრება…

change-clark-university

8 სექტემბერს უნივერსიტეტი დამეწყო… თვითონაც მიკვირდა, მაგრამ დიდად არ ვნერვიულობდი. 9–ზე უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი და როცა 7საათზე მაღვიძარამ დარეკა და თვალები დიდი წვალების შედეგად ძლივს გავახილე, მაშინ მივხვდი, რომ ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვლებოდა. მათ შორის კი პირდაპირი მნიშვნელობით ვგლოვობდი ძილის ნაკლებობას. წინა დღეს საორიენტაციო დღეზე ვიყავი და მიხაროდა, რომ მთლად პინგვინივით არ ვივლიდი. აუდიტორიას მაშინვე მივაგენი. ლექტორი მომეწონა… ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ არ ვიცოდი, თუ ყველა საგანზე სხვადასხვა ჯგუფში მომიწევდა ჯდომა. ცხრილის მიხედვით დაახლოებით მივხვდი, მაგრამ მთელი მეთორმეტე კლასი წინასწარ ვწუწუნებდი, რა საშინელებაა, როცა ჯგუფი არ გყავს–მეთქი. თურმე ეს მეთოდი ძალიან კარგია… უამრავ ხალხს იცნობ სხვადასხვა ფაკულტეტიდან, უფრო მეტად ერთობი და სანაცნობო წრესაც აფართოებ.

სულაც არ არის ისეთი “სტრაშნი”, როგორი ხმებიც დადის ჩემს უნივერსიტეტზე. მეც თავიდან გულის კანკალით მივედი საორიენტაციო დღეზე. დესპოტებსა თუ ჰიტლერს ველოდებოდი იქ ვერ გეტყვით, მაგრამ არ მეგონა, თუ ასე დაგვხვდებოდნენ და კარგადაც გავერთობოდი. რომ მითხრეს, ყოველდღე ქვიზი გექნებათო, რა უბედურებაა–მეთქი, შევწუხდი. რას ვიფიქრებდი, თუ თითო ქვიზში მხოლოდ სამი შეკითხვა იქნებოდა და თანაც ასეთი მარტივი… თუკი შრომობ და სწავლობ, არაფერია რთული. თუ სწავლა არ გინდა, მაშინ უნივერსიტეტშიც არაფერი გესაქმება. ჩემმა ერთმა ნაცნობმა მომიყვა, ბავშვი ფინალურ გამოცდაზე შევიდა, მობილურის გამორთვა დაავიწყდა და დედამ დაურეკაო. ჰოდა ამიტომ გამოცდიდან გამოაგდეს, რა სისულელეაო. სისულელე მაშინ იქნებოდა რომ არ გამოეგდოთ. არავის აინტერესებს, დედიკო გირეკავთ თუ მამიკო, წესები უნდა დაიცვათ. თანაც, არაფერია ისეთი შეუძლებელი და დესპოტური. Continue reading

იმედგაცრუება

523391_401985236525888_2073748300_nყველაზე საშინელი ის არის, რომ საკუთარ თავს თვითონ გავუცრუე იმედი. ყველაფერი სულ ოდნავ სხვანაირად რომ მომხდარიყო… მართალია, არ “დამიკიდია”, მნიშვნელობა არ დამიკარგავს ამ ამბისთვის, მაგრამ… ვიტყუები. იყო ერთი წამი, ან ერთ წამზე მეტიც, როცა “დავიკიდე” და მისი მნიშვნელობა დავივიწყე. სწორედ ამიტომ არის ახლა ყველაფერი ასე და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მტკივა გული. ნელ–ნელა უფრო ვაცნობიერებ, ყველაფერი რომ სულ ოდნავ სხვანაირად ყოფილიყო, რა ბედნიერი ვიქნებოდი ახლა და ვინ იქნებოდნენ ჩემს გარშემო. სწორედ ამიტომ არ მივდივარ დღეს “იქ”, თუმცა ვიცი, რომ მომავალში მისვლას ვერ ავცდები. უკან რომ დავბრუნდე “ისინი” მაინც აღარ იქნებიან და ვხვდები, რამხელა შანსი და ბედნიერება დავკარგე. იმის გაცნობიერება რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, იმაზე მეტად მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. აქამდე არ ვფიქრობდი ამაზე, ტაბუდადებული თემა იყო და ვცდილობდი სადღაც ღრმად ჩამეკლა, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა რაც ვეღარ ვუმკლავდები და შიგნიდან მჭამს. მტკივა “იქაურობა” და “ისინი”, ისიც მტკივა, რომ საკუთარი თავის გარდა სხვებსაც გავუცრუე იმედი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გამოსწორება შეუძლებელია და სინანულიც უსარგებლოა.

,,სინანული–ყველაზე უსარგებლო რამ არის ქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია”.

რემარკის ამ ფრაზაში ძალიან დიდი აზრია. თუმცა, ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რისი გამოსწორებაც შეიძლება, მაგრამ “ამის”, სამწუხაროდ, არა… და ეს კიდევ უფრო მიშხამავს ნერვებს. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჩემი ცვალდებადი ხასიათი მიშხამავს ნერვებს. ახლა ამას ვწერ და ვფიქრობ, რა ჯანდაბად დამეზარა და არ წავედი დღეს იქ…

ემოციებით სავსე ზაფხული

images (1)უკვე იმდენი ხანია არაფერი დამიწერია, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. პირველ რიგში, მივხვდი, რომ აქაურობა ძალიან მომენატრა და ასე აღარ დავიკარგები… ეს ზაფხული ცოტა არეული და ემოციებით სავსე იყო, თუმცა ყველაფერი თავიდან…

გოგოები დაქალთან ვიყავით სოფელში, შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ძალიან მაგრად გავერთეთ, რაღაც–რაღაცებს თუ არ ჩავთვლით. ეს რაღაც–რაღაცები კი ეროვნული გამოცდების პასუხები იყო. ოთხივე ვაბარებდით, მერე ბიჭებიც ჩამოვიდნენ, და, მოკლედ, რვავე ცუდად ვიყავით პასუხების გამოცხადებისას. მითუმეტეს რომ უფრო მეტს მოველოდი მე, მაგრამ უკვე აღარაფერი ეშველება… ამას იმწუთას ვერც ერთი ვხვდებოდით და პასუხების გამოცხადების დღეები ჩვენთან ნახევრად მკვდარი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფერი არც ამით იწყება და არც ამით მთავრდება. ამ რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით, ძალიან კარგი ზაფხული მქონდა. Continue reading

ბოლო ზარი და გამოცდები

10384939_793091394047944_1343335784361574609_n
მართალია ბოლო ზარისთვის დიდი და გრანდიოზული პოსტის მიძღვნა მინდოდა, მაგრამ გამოცდების გადამკიდე ვერ გამომივიდა. დღეს ბოლო საატესტატო გამოცდა ჩავაბარე და ამიტომაც, ბოლო ზარსა და გამოცდებს ერთად მოვაქცევ.^^
ბოლო ზარი 19–ში მქონდა, დილის 10სთ–ზე დაიწყო ჩვენი ღონისძიება. იქამდე 9–ზე მივედით სკოლაში. სულ მიყვარდა ყურება, როცა მეთორმეტე კლასელები გაკვეთილების პროცესში შედიოდნენ მასწავლებლებთან და მაისურებზე აწერინებდნენ. 19–ში მე დავრბოდი და ბავშვებთან ერთად ხან რომელ მასწავლებელს შევუვარდი, ხან რომელს. კარგი გრძნობა ყოფილა ფლომასტერებით აქეთ–იქეთ სიარული. იმაზეც მეცინებოდა, პატარები რომ მთხოვდნენ მეც დაგაწერო, ადრე მეც მინდოდა ვინმეს მაისურზე წამეჯღაპნა.
ღონისძიება ძალიან სადად ჩავატარეთ, არ ყოფილა არც მასწავლებლების დაცინვა/სკეჩები და არც ცეკვა. ბავშვობა გავიხსენეთ, მასწავლებლებს მადლობა გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ. ვაჩვენეთ ვიდეო, სადაც პირველი კლასიდან მეთორმეტემდე ჩვენი ცხოვრება იყო აღწერილი სურათებითა თუ ვიდეოებით. საბოლოოდ მაინც ვიტირე…
უფრო საშინლად “ვიბღავლებდი”, საკუთარი თავისათვის დაწყნარება რომ არ მებრძანებინა. საღამოს რესტორანში წავედით და… არ ვიცი, ვერ ვწერ ემოციურად… არადა იმდენი ემოცია, განცდა, სიხარული და გულისწყვეტა იყო, რომ ვერ აღვწერ. Continue reading